სიმღერა (1896)


აუდიო ვერსია

სიმღერა

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთს ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში – მთა, ბარად – ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას – ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრანს ტყეს მოსული,
თალხ-კაბა, ენა-მტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, –
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ ვარამზე ვწუწუნებ;
არცროს უსაქმო არა ვარ,
მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს
არავის დავუგვიანებ.
ავის თქმით, ავის ქცევითა
გულს არვის დავუზიანებ.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! –
მძინარიც იმას ვდუდუნებ;
საწყალთ საწყლობა რო მესმის,
იმათ მაგივრად ვწუწუნებ;
ხანდახან ჟინი ამიღებს,
სიმღერას დავაგუგუნებ.

[1896 წ.]

შენიშვნები და ვარიანტები:

ხელნაწერი: ავტოგრაფი, ხელნ. ინსტ., № 64 (C).
ნაბეჭდი: „ივერია“, 1896 წ. 25/ΙΙ, № 44 (A); „თხზულებანი“, 1899 წ. (B).
სათაური: ღარიბის სიმღერა C.
ქვესათაური: არა აქვს C.
3 – 8 სტრიქონები C-ში სავსებით განსხვავებულია:

დაე მეც იმათში ვიყო,
ვინაც ამ ცოდვით ცნობილა.
ასეთს ყოფაში, ძმობილო,
ერთხელ იობიც ყოფილა.
დღესაც მას კაცად იცნობენ,
ამით ის არა გმობილა.

5 წუთისოფლის] წუთის-სოფლის B. 9 ყველას სამარე მიგველის] სულ ბოლოს ტანჯვა მოგველის C. 11 ყოფილა: მაინც ქედს დაბლა არა ვხრი, – გადაკეთებულია: ქედს მიტომ დაბლა არა ვხრი, – დასარულ კიდევ შეცვლილია: საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი C. 12 სტრ. შემდეგ წაშლილია: და მართლაც ჩემი სიმდიდრე C. 13 – 14 ისეთი, თქვენმა ძმობამა, ჯერ არვის გაუგონია] ისეთი, იმისთანაი, კაცთ ჯერ არ გაუგონია C. 15 მეკუთვნის] მეკუთნის A. 16 მთაში მთა, ბარად ბარია] მთა-ბარი, ნიავ-ქარია C. 17 ერთიან] მთლიანად C. 20 გუშაგი] სტუმარი C. 25 გაფურჩნვა] გაფურჩნა AB. 29 ყოფილა: კლდეზე პირიმზე მოსული, – გადაკეთებულია: კლდეზე პირიმზე გაშლილი C. 32 ბჭყვრიალა] ჭყვრიალა A, მპრჭყვინავი C. 38 რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ] მიწას ვჩხვერ, თანაც ვბუბუნებ C. 39 ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე] მიცოცხლე ჩემი სამშობლო C. 40 მძინარიც] მძინარაც A, მძინარეც B; ყოფილა: ღმერთო, ამასა – გადაკეთებულია: ღმერთო, სულ იმას C. 41 – 42 ყოფილა: თუ ვის საწყლობა გავიგე, მის ნაცვლად მენა ვწუწუნებ, – გადაკეთებულია: საწყალთ საწყლობა რო მესმის, იმათ მაგივრად ვწუწუნებ C. 45 – 50 სტრიქონები C-ში შემდეგ არის მიწერილი, ლექსის ბოლოს. 54 მძინარიც იმას] მძინარეც იმას B; განიჟებითა C. 55 – 56 სტრიქონები აკლია C-ში. 57 ყოფილა: გულზე შავჯდები ხანდახან, – სიტყვებს ციფრები უზის გადასმით ნიშნად და ვღებულობთ: ხანდახან გულზე შავჯდები C.