ვახტანგ კოტეტიშვილის სიტყვა

ოცდაორი წლის სტუდენტის, ვახტანგ კოტეტიშვილის სიტყვა,
თქმული ვაჟა–ფშაველას ცხედართან 1915 წლის 2 აგვისტოს (ძველი სტილით), კვირას

ბატონებო!
საშინელი და საიდუმლოებით აღსავსე რამ არის სიკვდილი! ჯერ განუჭვრეტელ ღამის მანტიით დაიარება მარად უცნობი, გაუგებარი. კუბოს საშინელება, სამარეთა მოჩვენებანი, ზებუნებრივი რამ ამოცანანი, – აი, რა სწერია ცხოვრების შავ წიგნში. ნათელი გამჭვირვალეობა სიცოცხლისა ცრუვდება სიკვდილის აჩრდილის წინაშე და გარდაიქცევა მხოლოდ მოჩვენებად. სიკვდილს გული არა აქვს. იგი გრძნობაგაყინულია, ბრმა, დაუნდობელი. იგი სტიქიურია, განურჩეველი, თავხედი, ადამიანები მის წინაშე მხოლოდ ცრემლს–ღა ღვრიან შიშით გარემოცულნი. “ვაჰ, სოფელმან სოფელს მყოფი, ყოვლი დასვა ცრემლთა დენად”–ო, – ასე იტყოდა დიდი შოთა და აკი ასეც ხდება საწუთროში. თითქოს საშინელია ადამიანის ბედი, მაგრამ თვით ამ საშინელებაში არის მთელი სილამაზე სიცოცხლისა. აქ ცნაურდება ადამიანის ძალა, უნარი. სიკვდილი ძლიერია და გამოუცნობი. მაგრამ იმავე დროს იგი უძლურიცაა და საცნობიც. ჩვენ გვეშინია კიდეც მისი და თანაც წარბშეუხრელად ვხვდებით უკმეხს. იგი აკვდინებს სხეულს, მაგრამ სულს კი ვეღარ ეხება უძღები, ხარბი. თვით სიკვდილი შეთრთოლდება მარადისობისთვის განმზადებული სულის წინაშე და ქედს მოიხრის დამცირებული. არ გსურთ ირწმუნოთ? აჰა, სამარე! აჰა, ცხედარი! დღეს გლოვის ზარს რეკენ გულდაწყვეტილნი. ორმაგი არის გლოვა. ჯერ თვით სიკვდილი დასტირის თავის უძლურებას, რომ ვერ შესძლო ამაყი სულის მოკვდინება, შემდეგ ხალხი გლოვობს, რომ არ ძალუძს სხეული, ფორმა უკვდავი სულისა შემოსოს მარადისობით, მაგრამ მაინც საზარელია უხეში თითი ბრმა სიკვდილისა. მაინც საშიშია ცივი სუნთქვა სიკვდილის აჩრდილისა.
ვისზე ჩამოჰკრეს გლოვის ზარი? ვინ გარდაიცვალა? ვისზე გაეხვია მძიმე თალხებში მთლად საქართველო? აჰა, გაჰხედეთ ფშავეთის მთებს, რა ნისლის ძაძა მოუხვევიათ! აბა, შეხედეთ, რა პირქუშად გამოიყურებიან გულამღვრეულნი. ვაჟას სტირიან, ფშაველ ვაჟას, ერის დარაჯს, მთათა ფიქრის გამომხატველს, თვით ფიქრს. სტირიან ერის მომღერალს, მგოსანს, გრძნეულს. მთა ხომ ჩვენი ერის სადარაჯოა, ერის ფიქრ–ზრახვის საფარი უხიფათო. ვაჟამ გაიგო, რომ “ოცნება ტანჯულ ქვეყნისა ქვითინებს მთისა წვერზედაო” და იქით გაეშურა. მთას მაღალს, გულზვიადს, ამაყს სთხოვა ბინა, ნავთსაყუდელი. “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”, – ეს ჩვენი ეროვნული იდეა მთაში იყო შენახული უმწიკვლოდ, იქიდან ჩამოიტანა იგი დიდმა ილიამ. ვაჟასაც ეს უგალობეს მშობლიურ მთებმა. და ვაჟამაც ეს აღიბეჭდა ცეცხლის ასოებით რკინა გულზე. მან გაიგო მთის ფიქრი, გაიზიარა მთის ზრახვა და მთა ამაყი ბარს დაუახლოვა. ბარელ მეგობრებს ვაჟამ მთებიდან გადმოჰყივლა გმირულად და ჩვენს არსებაში გააღვივა ცეცხლი ეროვნული.

“სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება”–ო.

ამ გმირული ყივილით შეთრთოლდა ჩვენში მძლედ მეტყველი აზიური ფლეგმა, განგვიმტკიცა ეროვნული ნება, აგვინთო გრძნობა ცეცხლეულ სიტყვით და გვასწავლა სამშობლოს სიყვარული.
ჩვენც ვუსმენდით მთის მომღერალს, ვუსმენდით სალ კლდეთა ამაყ შვილს და მის ნამღერ საღ საგნებს ფიანდაზად ვუშლიდით ჩვენს გრძნობათა ქსოვილს. ჩვენ უძღებად ვეწაფებოდით იმ ანკარა წყაროს, რომელიც პოეტურ კვერთხის დარტყმით გადმოადენდა ფშვეთის კლდეთა საღი გულიდან. ჩვენ თრთოლვით ვუსმენდით ვაჟას ძახილს და მის მითიურ სიმღერებში ცხადდებოდა მთების ოცნება. ვაჟა მეტყველებდა და მის მეტყველებაში ცნაურდებოდა მთების ფიქრი. ვაჟა ჰგოდებდა, კვნესოდა და მით გვამცნობდა მთათა წუხილს. ბარი უსმენდა და იმ სიმღერით ცოცხლობდა, იმ მეტყველებით ფიქრობდა, და იმ კვნესა–გოდებასაც იზიარებდა მხურვალედ. და ოდეს “მთანი თავჩაჩქნიანები ფიქრს მისცემიან მწარესა”, მაშინ ბარად ჩამოდენილა “არაგვიც ჩუმად მოსჩქეფდა, თვით ცრემლსა ცრემლი სდიოდა”, და ასე გულ–მკერდს უსველებდა შებორკილ ბარს. და გაიბა მთა და ბარს შორის ცოცხალი კავშირი. ვაჟა იყო ამის მოქმედი. იგი დადგა მათ შორის “ქედმოუდრეკელ სვეტად” და ასე გადმოგვცემდა მთათა გულის ტკივილს: “გული სტკივათ, ძალიან სტკივათ, მაგრამ არ იხოცებიან. ელიანო”. ასე გვეტყოდა მთების მგოსანი. ჩვენც ხომ ველოდით და ველით დღესაც. რას? – ბაზალეთის ტბის ძირას მოქცეულ ყრმის ამოყვანას, ერის ფიქრის განხორციელებას, საქართველოს ლაღ–განახლებულ ცხოვრებას. ჩვენ ველით ჩვენი ერის ახალი აზრით გაცისკროვნებას, ახალი გრძნობით მონათვლას, მომავალს უკეთესს. მთების ფიქრი და ბარის ოცნება მხოლოდ ეს იყო. ამ აზრსავე ამკობდა მხატვრული ფერებით მთების გრძნეული ვაჟა, ამ აზრსავე ეთაყვანებოდა მგოსნის ოცნება, მისი ნება. “ვაი, რომ რჩება აკვანი ბაზალეთის ტბის ძირასა, და დიდხანს კითხვადა რჩება: ვინ ამოიყვანს იმასა?” – იკითხე შენ, ქართველი ერის დარაჯო და ამაყ–იმედიან შუბლზე გაივლე სევდის ზოლი. ნუ წარიკვეთ სასოებას, ჩვენო არწივო! ნუ გაგვაგონებ “ვაის” ხმას! ნუ გაგვინელებ იმ ცეცხლს, რომელიც აღგვიგზნე ჭაბუკ გულში. როგორ გგონია, როს იტყოდი: “ვერ მივსცემ მტერსა მამულსა საჯიჯგნად, დასაზიანადო”, განა ეს სიტყვები სისხლის ასოებით არ ამოიჭრა ჩვენი გულის ფიცარზე? ნუთუ გგონია, რომ შენმა ნათქვამმა ვერ იპოვა კარგი გამგონე? არა, მგოსანო! ახლა საქართველოს ეროვნულ დროშაზე ასომთავრულით ეგ ამოვქარგეთ! ახალი საქართველო აგისრულებს გულის საწადელს. ნუ გეშინია, არც ჩვენ არ მივცემთ მტერს ჩვენს სამშობლოს საჯიჯგნად, დასაზიანად. ჩვენც –

“სამშობლოს არვის წავართმევთ,
ჩვენც ნურვინ შეგვეცილება,
თორემ ისეთ დღეს დავაყრით,
მკვდარსაც კი გაეცინება!”

დიდო მგოსანო! ჩვენ, ახლი საქართველო არ გიტირებთ, ჩვენს ცრემლებს არ დავაფრქვევთ შენს ცხედარს ძვირფასს. ჩვენც იმ ვაჟკაცურ სიმტკიცეს გამოვიჩენთ, რომლითაც შენ იტანდი ტიალ ბედის სიმძაფრეს.

“ჩვენ არ გვიყვარს ოხვრა, კვნესა,
ჩვენ არ გვიყვარს მოთქმა, ცრემლი,
იმედებით ჰფეთქვს გული,
იმედებსვე სჭედავს გრდემლი” (ქუჩიშვილი).

და შენც, ქართველო ერო, ქართველო დედავ, “თვალებს ნუ ითხრით ცრემლითა, გულს ნუ იხოკავთ დარდითა”. ნუ გვინდა ცრემლი, თორემ ცრემლში გაქარვდება დღეის სიმძაფრე. ცრემლი გრძნობის სიტყვაა, და თქმით კი ჭმუნვა მცირდება. ჩვენ თქმა არ გვინდა, მხოლოდ ჭმუნვა გულს ჩავიკეტოთ, რომ მწველი ცეცხლი გვტანჯავდეს მარად. ჩვენ ეს ტანჯვა გვეჭირვება, რომ სული ჩვენი განმტკიცდეს. ჩვენ ტანჯვა გვინდა, რომ ცხოვრებას აღარ მოვუხუჭოთ თვალი, აღარ ავეთრევინოთ. ტანჯვაა ჩვენთვის საჭირო, რომ ვიფხიზლოთ დიდი ხნის მძინარეთ. ხოლო ეს სიფხიზლე აღთქმის შესასრულებლად გვჭირდება. იგი აღთქმა დიდია და სანუკვარი. ფიცს ვსდებთ, რომ აღთქმის დროშას თავცოცხალი არავის დავანებებთ.

“არ მივსცემთ მტერსა სამშობლოს,
გულში დავიცემთ დანასა,
არ მივსცემთ უცხო ტომისას
თავის მამულის ღალასა”.

ეს დამავალეს ქართველ სტუდენტებმა, მამავ, ძვირფასო! გპირდებით, რომ თავისუფლების მოტრფიალე მგოსანს თავისუფალ სამშობლოში გექნება ბინა სამარადისო!

“ვაჟა არ იყო არც ლამაზი, არც მოხდენილი, იყო ახოვანი. მთელი ფიგურა – არქაული. იგი კი არ დადიოდა, – იზლაზნებოდა როგორც ჰერალდიური ნადირი და ფსევდონიმი კი ცოტას ამბობს? – ვაჟა-ფშაველა, – ამ მაგარ სიტყვაში და უფრო ა-ნით დაბოლოვებაში სჩანს დედამიწის ძალა…
მისი გაქანება ჰორიზონტს როდი საჭიროებს. ვერტიკალურად იძვრის მისი სტიქიონი: რიყიდან – ლურჯ კლდემდე. ეს არის მისთვის სიმტკიცის ორი პუნქტი…”

ვახტანგ კოტეტიშვილი. 1922 წელი.